- მიზესი ლუდვიგ ჰენრიხ ელდარ ფონ (1881-1973)
- კარლ მენგერისა და ეუგენ ბემ-ბავერკის მიმდევარი „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ მეორე ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მიზესი განსაკუთრებული პიროვნებაა ეკონომიკისა და სოციალური ფილოსოფიის ისტორიაში. დაბადებით ავსტრიის იმპერიის მოქალაქეს, ფაშიზმისა და ყოველგვარი ტოტალიტარიზმის უკომპომისო მოწინააღმდეგეს, ცხოვრების ნახევარზე მეტის გატერება უცხოეთში, ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მოუწია. მისმა გენიალურმა და მრავალმხრივმა შრომებმა - ადამიანის მოღვაწეობის საფუძვლებისა და ლოგიკის, ფულად-საკრედიტო სისტემის, სავაჭრო ციკლების, ლიბერალიზმის, ეკონომიკური ისტორიისა და თეორიების, ბიუროკრატიიის ფუნქცინირების, სახელმწიფოს ეკონომიკური როლის და სხვა მრავალი მომიჯნავე საკითხის შესახებ, რომლებიც რაციონალისტურ და უტილიტარულ კონტინენტურ ტრდიციას ეფუძნებოდნენ, გარდატეხა შეიტანეს მე-20 საუკუნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ აზროვნებაში. მისი საკვანძო შრომებია „ფულისა და კრედიტის თეორია“ (1912), „ერი, სახელმწიფო და ეკონომიკა (1919), „სოციალიზმი“ (1927), „ადამიანის მოღვაწეობა“, რომელიც ჯერ 1940 წელს გერმანულად, ხოლო შემდეგ 1949 წელს ინგლისურად გამოიცა, „დაგეგმილი ქაოსი“ (1947) და სხვა მრავალი. ფასდაუდებლია მისი, როგორც პედაგოგის მოღვაწეობა, მის ლექცია-სემინარებს ესწრებოდა მე-20 საუკუნის მრავალი გამოჩენილი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე. განსაკუთრებულია მისი წვლილი მრავალსახოვანი სოციალიზმის ეკონომიკური უნიადაგობისა და ანტიჰუმანური არსის მხილებაში.Source: ლიბერალიზმი და ძალაუფლება: [კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე]; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ.: ენა და კულტურა, 2004
Georgian encyclopedia. 2013.